Skip to content

October 25, 2011

რაზიკაშვილი თედო – Razikashvili Tedo

პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წლის 1 ნოემბერს სოფელ ჩარგალში (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი). იგი ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა იყო.

პავლე რაზიკაშვილის ოჯახი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებას განიცდიდა. თვითონ თედო, იგონებს რა თავის ბავშვობას, აღნიშნავს: “ამ ხანებში საშინლად ღარიბად ვცხოვრობდით, ტანზე ბევრი არა მეცვა რა. აბა ქალამნებს კი ვინ მაღირსებდა. ზაფხულში კი შიშველი ფეხით დავდიოდი ცხვარსა და ძროხებში”…

ყმაწვილი ოჯახში ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების ფანტასტიკაზე, საგმირო სიმღერებსა და ლექსებზე იზრდებოდა. ამ მხრივ დიდი გავლენა ჰქონდათ ფშაველ სახალხო მელექსეებსა და პირადად დედ-მამას, რომლებმაც მოზარდს ხალხური ზეპირისიტყვიერებისა და, საზოგადოდ, პოეზიისადმი დიდი სიყვარული გაუღვიძეს. თედო იგონებს: “მამაჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო ჩვენი პოეტ-მწერლებისა, აღმერთებდა საქართველოს, იმისი სამსახური ყველაზე უდიდეს მოვალეობად მიაჩნდა. გვიამბობდა მთების პიროფლიანებზე (ე. ი. მთის გმირებზე), აგვიწერდა პოეტურად იმათ ღვაწლს და გვანატრებდა სამშობლოსათვის თავდადებას. “ვეფხისტყაოსანი”, გურამიშვილის ლექსები, ი. ჭავჭავაძის “დიმიტრი თავდადებული” ზეპირად იცოდა. ზეპირად იცოდნენ ჩვენმა ბიძაშვილებმაც, რომლებიც მუდამ კვირა იყრიდნენ ჩვენსას თავს, კითხულობდნენ და ზოგიც ფანდურზეც დაჰმღერდა”.

განსაკუთრებული კეთილი გავლენა თედოზე, ისევე როგორც ვაჟასა და ნიკოზე, იქონია დედამ – ბარბალე ფხიკელაშვილმა, “დედაჩემი, – წერს თედო, – მდიდარი ფანტაზიის პატრონი იყო. უბრალო რამე ამბავს ისეთი ამბით, ისეთი ფერადებით შეზავებულს გადმოგვცემდა, რომ იხიბლებოდა მსმენელი. ის რო დევებზე ან ეშმაკებზე, მოჯალაფეებზე დაიწყებდა ლაპარაკს, მე სადღაც მოჯადოებულს არსთა სამეფოში გადამიტაცებდა ოცნება და ჩემი თავი თვით მნახველ-გამგონედ მეჩვენებოდა. იცოდა აუარებელი ლექსი და ზღაპარი, ცალკე კაცთა და ქალთა ცხოვრება, ლეგენდები და ამბები ჩვენს მეფეებზედ, უფრო თამარზე და ერეკლეზედ. წაკითხულ-გაგონილსაც თავის გემოვნებაზედ გადააკეთებდა და თავისი დაბალი სასიამოვნო ხმით გვიზუზუნებდა. როცა გვიამბობდა რამე სამწუხარო ამბავს, თანა ტიროდა ხოლმე. თვითონ წერა-კითხვა არ იცოდა. იყო – ბუნებით პოეტი, საშინელი მშვიდობისმოყვარე და უკიდურესობამდე გულკეთილი და უხვი”…

მიუხედავად გაჭირვებისა და ხელმოკლეობისა, პავლე რაზიკაშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვილები სწორ გზაზე დაეყენებინა და მათთვის ჯეროვანი სასკოლო განათლება მიეცა.

პატარა თედოს წერა-კითხვა უფროსმა ძმამ – ნიკომ (ბაჩანამ) შეასწავლა. მალე იგი პირველდაწყებითი განათლების მისაღებად სოფელ ჩარგლის დაწყებით სკოლაში მიაბარეს. მისი მასწავლებლები იყვნენ დავით როსტომაშვილი, ილია მათიკაშვილი. როცა თედო მესამე განყოფილებაში გადავიდა, მეფის მთავრობამ ჩარგლის სკოლა დახურა, სკოლის დახურვის მიზეზი ის იყო, რომ ჩარგალში მასწავლებლად დანიშნეს ქართულის უცოდინარი პირი, სოფლელებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და შვილები სკოლაში არ გაუშვეს. მასწავლებლის შეცვლის ნაცვლად იმჟამინდელმა ბაუროკრატიულმა მმართველობამ სკოლა დახურა და ბავშვებს განათლების გზა დაუხშო.

სასწავლებლის გარეთ დარჩენილი პატარა თედო საქონელს მწყემსავდა და უფროსებს ეხმარებოდა. მამა აკითხებდა ბავშვს სხვადასხვა წიგნებს, ამასთან მან ხელით გადააწერინა ყმაწვილს საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილი და ამით საშუალება მისცა პატარაობაშივე გასცნობოდა სამშობლო ქვეყნისა და ხალხის წარსულ ცხოვრებას.

1882 წელს ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფელში დაინიშნა მასწავლებლად. ვაჟამ უმცროსი ძმა თავისთან წაიყვანა. აქ თედოს შედარებით, კარგი პირობები ჰქონდა სწავლა-განვითარებისთვის. “ეს წელიწადი, – აღნიშნავს თედო რაზიკაშვილი, – ჩემთვინ დიდი ნაყოფიერი იყო. უკვე მეცამეტე წელში ვიყავი. თბილად მეცვა, კარგადა ვჭამდი, საქმე არა მქონდა რა. მთელი ღამეები წიგნების კითხვას ვუნდებოდი”.

თედომ გაიჩინა საკუთარი რვეულები, “როგორც მწყურვალ წყალს”, ისე ეწაფებოდა წიგნებსა და იმ გაზეთებს, რომლებიც უფროს ძმას მოსდიოდა და თუ რაიმე ლექსსა და პოემას დაინახავდა, იწერდა. თვითონ თედო ამბობს: “ჩემს ძმას გაზეთებიც მოსდიოდა და ამან ხომ სულ გადამრია… არ გამიშვია მას აქეთ გადაუწერავი, სადაც რომ ლექსი დაბეჭდილა, ან პოემა ჩვენი პოეტებისა”.

პავლე რაზიკაშვილის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. 1883 წელს ბაჩანამ თედო გორში წაიყვანა და სემინარიასთან არსებულ რუსული სკოლის უკანასკნელ განყოფილებაში შეიყვანა. ნაქირავებ ბინაში თედო გაჭირვებულად ცხოვრობდა, ხშირად შიმშილობდა, რის გამო ჯანმრთელობა და სწავლას ჩამორჩა, მაგრამ სემინარიაში მაინც ჩააბარა გამოცდები და მოსამზადებელ კლასში მოეწყო, ხოლო იქიდან გორის საოსტატო სემინარიაში გადავიდა, სემინარიის კურსი წარჩინებით დაასრულა 1889 წელს.

გორის საოსტატო სემინარიაში სწავლის დროს თედო აქტიურად ჩაება საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში. ამ დროს გორი წარმოადგენდა ხალხოსნური მოძრაობას ცენტრს, ამასთან აქ გაშლილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური საქმიანობა. თედო დაუმეგობრდა შემდგომში გამოჩენილ საბავშვო პოეტ შიო მღვიმელს (ქუჩუკაშვილს), აგრეთვე თავის მასწავლებელს, ცნობილ ხალხოსან მწერალს ნიკო ლომოურს.

სემინარიაში ყოფნის წლებს ეკუთვნის თედოს პირველი პოეტური ცდანი. 1886 წელს დაუწერია ლექსი “მწყემსის სიმღერა” და მოთხრობა “ნიბლია”. მწერლობისადმი თედოს სიყვარულს თვალსაჩინო ბიძგი ნიკო ლომოურმა მისცა, რომელმაც თავისი მოწაფე ლიტერატურულ სარბიელზე სამოღვაწეოდ წააქეზა. თვითონ თედო რაზიკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით იგონებდა: “თუმცა არ ვფიქრობდი მწერლობას, მაგრამ ისე მწამდა მწერლობის ღვაწლი სამშობლოს წინაშე.რომ ოჯახის გავლენას დაემატა მეტად სიმპატიური გავლენა ჩვენი ქართული ენის მასწავლებლის ნ. ლომოურისა. ამაზე მეტი საკეთილო გავლენა არა მგონია კაცმა კაცზედ იქონიოს. ჩემი ველური ბუნება ამისმა ღვთიურმა მოქცევამ დაალბო და გააპატიოსნა. სურვილი სამშობლო ლიტერატურისათვის სამსახურისა ამან გამიორკეცა. დღეს უკვე ვაჟკაცი და ჭაღარაშერთული იმავე მოწიწებას ვგრძნობ ამ ჩემთვის წმინდა კაცის მიმართ”.

ნიკო ლომოური და აკაკი წერეთელი ყოველნაირად ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ თედო რაზიკაშვილს. მათი შთაგონებითა და მხარდაჭერით თედომ მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა საბავშვო მწერალმა.

სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ თედო ერთი წლით უადგილოდ დარჩა. 1890 წელს კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ის სოფელ ხელთუბნის (გორიდან 7კმ დაშორებით) სკოლის მასწავლებლად დანიშნა, სადაც 1905 წლამდე მუშაობდა.

დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები დაიქსაქსნენ: გიორგი თიანეთში დასახლდა და იქ ვექილობდა, ბაჩანა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში მასწავლებლობდა, ალექსანდრე თბილისში მსახურობდა, ჩარგალში მარტო ვაჟა დარჩა. ვაჟამ მოინდომა სოფელ ჩარგალში მამის ადგილას თედოს მღვდლად დანიშვნა, მაგრამ თედო არ დათანხმდა და საბოლოოდ ხელთუბანში დამკვიდრდა. იქ მასწავლებლობასთან ერთად საზოგადოებრივ საქმიანობასა და სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა. სოფელ ხელთუბანში იქორწინა ღარიბი გლეხის, იშხანაშვილის ქალზე.

თედო გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით. ხალხოსანთა იდეებით გატაცებული თედო რაზიკაშვილი ცდილობდა ხალხს დაახლოებოდა, მათ შორის ეტრიალა, ცოდნა და განათლება შეეტანა მათში, დაენახვებინა გაჭირვებისა და უსამართლობის მიზეზები. იგი ესაუბრებოდა გლეხებს, ეხმარებოდა მათ მეურნეობის უკეთ მოწყობის საქმეში, მათთან ერთად იზიარებდა სოფლის ლხენასა და მწუხარებას.

თედო ხელთუბანში ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად, გლეხობაში ნერგავდა რუსეთის თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო იდეებს, ამიტომ ჟანდარმერიას მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა აყვანილი. რამდენჯერმე სცადეს მისი დაპატიმრება, მაგრამ თედო ყოველთვის თავს აღწევდა.

მონაწილეობდა 1905 წლის სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც 1905 წლის 12 სექტემბერს დააპატიმრეს და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ოლონეცის გუბერნიაში, მაგრამ გზაზე ოქტომბრის მანიფესტმა მოუსწრო და დააბრუნეს. დაპატიმრებას თურმე იმ დროს ძმასთან სტუმრად მყოფი ვაჟა-ფშაველაც შესწრებია. დამსჯელმა რაზმმა ხელთუბანში მის სახლს 1906 წელს ჯერ ზარბაზნები დაუშინა და მერე გადაწვა. უბინაოდ დარჩენილი თედოს ცოლ-შვილი ვაჟამ ფშავში წაიყვანა და იქ ცხოვრობდნენ რამდენიმე ხანს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თედო რაზიკაშვილი კვლავ ხელთუბანში დაბრუნდა და ხელი მოკიდა სოფლის მეურნეობას. არაერთი მოთხრობა და ლექსი დაიკარგა, ბევრი სახლის დაწვისას დაიფერფლა.

1921 წლის თებერვლის ამბებთან დაკავშირებით ზოგმა გახიზვნა დააპირა, ზოგი უფრო პრაქტიკულად მიუდგა საქმეს. ერთმა მათგანმა კოოპერაციის ქონების დაპატრონებაც მოინდომა და თედოს, როგორც სასოფლო სამეურნეო ბანკისა და ამ კოოპერატივის დამაარსებელი გამგეობის ერთ-ერთ წევრს, შესთავაზა: მოვუაროთ, თედო, ამ ქონებას, ხომ იცი, ყველაფერს დაიტაცებენ. ის არა ჯობია ჩვენვე გავიყოთო. მან მკვახედ უპასუხა, ეს კერძო დუქანი როდია, სახელმწიფო ქონებაა და თუ ერთი მთავრობა მიდის, მეორე მოვა და თავის ქონებას თვითონვე უპატრონებსო. ეს პასუხი იმ კაცს არ ესიამოვნა, მაგრამ მაშინ ვეღარაფერი ქნა. შემდეგ ყველანაირად ცდილობდა მოესპო თავისი ბოროტი ზრახვების ცოცხალი მოწმე და არც დააყოვნა. 1922 წლის იანვარში ის თედო რაზიკაშვილის მკვლელობის მეთაური გახდა.

სოფლის ბოროტმოქმედებმა თედოს შევიწროება დაუწყეს: ხან ფუტკარი მოპარეს და დაანელეს, ხან საქონელი გამოურეკეს და შეჭამეს, ხან საქონლის საკვები მთლიანად გადაუწვეს. იყო შემთხვევა − გზაში დახვდნენ მოსაკლავად, როდესაც ის ნასვამი ბრუნდებოდა გორიდან. მაგრამ მისი პირდაპირ მოკვლა არც ისე ადვილი იყო. მან ერთი ხელის კვრით მოიშორა თავდამსხმელი და თვითონ არხეინად გასწია შინისაკენ.

1922 წლის 19 იანვარს ბოროტმოქმედები კვლავ დაესხნენ თავს, დანებით 56 ჭრილობა მიაყენეს და ვერაგულად მოკლეს. მართლმსაჯულებამ ყველა მკვლელი ამხილა და კუთვნილი სასჯელიც მიუზღო მათ.

თედო რაზიკაშვილის სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რაზიკაშვილის პირველი ლექსი “გუთნისდედის სიმღერა” 1890 წელს “ჯეჯილში” გამოქვეყნდა. მას შემდეგ მისი თხზულებები იბეჭდებოდა თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთში. თედომ განიცადა ხალხოსნების გავლენაც, მაგრამ როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელთა, განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძის შემოქმედებით პრინციპებზე. მის ნაწარმოებებში ჩაქსოვილია სამოციანელთა პროგრესული იდეები (მოთხრობები:„კოდალა“, 1900; „ცასწაალამ როგორ მოიხვეჭა სახელი“, 1906; ლექსი „ვაი ისე თუ სოფელმა…“, 1893 და სხვა). რაზიკაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია:პატრიოტიზმი (ლექსები: „ძმასთან მიწერილი“, 1891; „არაგვს“, 1898; „აკაკის“, 1919; მოთხრობა „ცირცელი“, 1899 და სხვა), ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: „ელეგია“, 1891; „გამხნევდით“, 1892; პოემა „შავი ფიქრები“, 1891 და სხვა), რევოლუციური სინამდვილე (ლექსები: „რაღა დროს ტკბილი ხმებია“, „გაზაფხული“, ორივე 1905; მოთხრობები: „ყორანი“, დაიბეჭდა 1934; „აშუღი მიმინო“, 1902; „გაზაფხულის სუნი“, 1905; „მოვლენ! მოვლენ!“, 1906 და სხვა)..

თუმცა რაზიკაშვილი უმთავრესად საბავშვო მწერალი იყო. საბავშვო მოთხრობებში გადმოცემულია ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლა. ისინი მკითხველს ხიბლავს მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით, მსუბუქი და ხატოვანი ენით, ბავშვს ძალდაუტანებლად აწვდის ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ („ნიბლია“, 1886; დაიბეჭდა 1891; „იის ამბავი“, 1890; „გარიელა“, 1892; „ფითრი“, 1896; „მონადირე“, 1903; „ქორის ბახალა“, 1908 და სხვა).

თედო რაზიკაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში. მის მიერ შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები პრესაში ქვეყნდებოდა (შეკრიბა 3000-ზე მეტი ლექსი, 200-ზე მეტი ზღაპარი, ლეგენდა და სხვა), შეადგინა ხალხური ლექსიკონი (დაიბეჭდა „ივერიაში“, 1900), 1909 წელს კი გამოიცა ორ ტომად “ხალხური ზღაპრების” სახელწოდებით.

Read more from main

Comments are closed.